logo
ENG



"ჩადექი ცოცხალ ჯაჭვში მუზეუმის გადასარჩენად" - ხელოვნების მუზეუმთან აქცია იმართება

05 აგვ 202112:35
3 წუთის საკითხავი
 

"ჩადექი ცოცხალ ჯაჭვში მუზეუმის და საგანძურის გადასარჩენად" - ამ ლოზუნგით შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმთან თავისუფლების ინსტიტუტისა და ამომრჩეველთა განათლების საზოგადოების ორგანიზებით აქცია იმართება. 

აქციის მონაწილეები კულტურის სამინისტროსგან და თეა წულუკიანისგან მუზეუმთან დაკავშირებით კონკრეტულ გეგმას ითხოვენ და ამბობენ, რომ ეროვნული საგანძური საფრთხის ქვეშააა

"ლეგიტიმური შიში არსებობს იმისა, რომ მუზეუმს და მასში დაცულ განძს საფრთხე ემუქრება. რამდენიმე დღის წინ გავრცელდა განცხადება, რომ მუზეუმის აღდგენა არარენტაბელურია. ეს ყველაფერი რეალური შიშის საფუძველს გვიტოვებს. ამ ხალხმა საყდრისი ერთხელ უკვე ააფეთქა, შესაბამისად შიში არის რეალური", - ამბობს თავისუფლების ინსტიტუტის დირექტორი, სალომე ხვადაგიანი.

***

ხელოვნების მუზეუმიდან ექსპონატების ევაკუაციის და შენობის დანგრევის შესახებ საუბარი საჯაროდ 22 ივლისს დაიწყო, როცა გასაჯაროვდა დასკვნა, რომლის მიხედვითაც, "შალვა ამირანაშვილის ხელოვნების მუზეუმის ისტორიული შენობის ნაწილის აღდგენა არარენტაბელურია, მეორე ნაწილის რღვევის შეჩერება კი შეუძლებელია და, შესაბამისად, უმჯობესია მუზეუმის ეს ნაწილი დაინგრეს და იმავე მასალებით ახალი აშენდეს". 

ექსპერტიზის დასკვნა კომპანია "კარიატიდამ" მოამზადა.  

ხელოვნების მუზეუმის შენობა ისტორიულია, ის 1838 წელს ააგეს და ევროპული არქიტექტურის ნიმუშია, ამასთან, მუზეუმების ქუჩის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია. 

ხელოვნებათმცოდნეები შენობის დანგრევას კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან. მათივე შეფასებით, საფრთხე ექმნება მუზეუმში დაცულ ასობით ექსპონატს. 

მათთვის მიუღებელია მუზეუმთან დაკავშირებული სამოქმედო გეგმაც

დანგრევის შესახებ დასკვნა გააპროტესტა მუზეუმის ხელმძღვანელმა, ეკა კიკნაძემ, რის გამოც ის, მინისტრის ბრძანებით, თანამდებობიდან გაათავისუფლეს და "ლაბორანტად" დანიშნეს. მისი ადგილი, თეა წულუკიანის ბრძანებით, ნიკა ახალბედაშვილმა დაიკავა. 


close დახურვა